ხედვა და მისია

ორგანიზაციის მიზნები:

  1. დემოკრატიული ინსტიტუტების, დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობო სექტორის და თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობა;
  2. სექტორთაშორისი ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
  3. მართვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის სტიმულირება;
  4. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ამაღლების ხელშეწყობა;
  5. საზოგადოებრივი და მოქალაქეთა ინტერესების ადვოკატირებისა და ლობირების ხელშეწყობა;
  6. საარჩევნო პროცესებზე დაკვირვება, ხელშეწყობა;
  7. სამოქალაქო განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა.

 

გორის საინფორმაციო ცენტრი მისი არსებობის მანძილზე ყოველთვის იყო ადგილზე მიმდინარე პროცესების აქტიური და ანგარიშგასაწევი მონაწილე და ინიციატორი.

 

ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი ინიციატივები და პროექტები:

  • 90-იანი წლების ბოლოს ცენტრი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართველი და ოსი ჟურნალისტების მრგვალი მაგიდების ორგანიზებასა და მუშაობაში, რასაც შედეგად თბილისში, ცხინვალსა და გორში ჟურნალისტებისთვის საინფორმაციო ცენტრების შექმნა მოჰყვა. სწორედ ამ საქმიანობის შედეგია ის ფაქტი, რომ ქართველ და ოს ჟურნალისტებს შორის თანამშრომლობა და კონტაქტები დღემდე შემორჩა.
  • ცენტრის ინიციატივით ჩამოყალიბდა ქალაქ გორის გამგეობის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახური (2001-2002წ). ამ ინიციატივის ფარგლებში არა მხოლოდ შეიქმნა და აღიჭურვა სამსახური, არამედ მომზადდა ნორმატიული ბაზა და საქმიანობის ინსტრუქციები, რაც იმ პერიოდისთვის ამ სფეროში დიდი მიღწევა და მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციონალიზების ერთერთი პირველი პრეცედენტი იყო;
  • ცენტრის მიერ შეიქმნა გორის რაიონის „ინფორმაციის საზოგადოებრივი ცენტრი“, (2001-2003 წ) რაც ასევე პირველი მცდელობა იყო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი სისტემატიზებული ადგილობრივი მონაცემთა ბაზების შექმნისა;
  • ცენტრის უშუალო მონაწილეობითა და ინიციატივით ჩამოყალიბდა გორის ციხის და მიმდებარე ძველი უბნის შიდა ქართლის ტურისტულ ცენტრად ფორმირების ხედვა, ასევე შემუშავდა ტურისტული განვითარების კონცეფცია  მუნიციპალიტეტის მიერ.  მცირე პროექტის განხორციელების შედეგად,  გაადვილდა გორისციხეზე ასვლა და დამთვალიერებელი უფრო დაცული გახდა. თუმცა,  2008 წლის ომის შედეგად ვეღარ მოხერხდა ამ მიმართულებით დაგეგმილი რიგი სამუშაოების შესრულება.
  • ომის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესში ორგანიზაციამ შექმნა ანტიკრიზისული საინფორმაციო ცენტრი, რომლის ფუნქცია ადგილობრივ, საერთაშორისო და სამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო მხარდაჭერა და კოორდინირება იყო. ცენტრი საწყის ეტაპზე 2 თვით შეიქმნა, მაგრამ ეფექტური მუშაობის გამო წელიწადზე მეტი იმუშავა;
  • ორგანიზაციის უშუალო მონაწილეობით მოხდა ქალაქ გორისა და უკრაინის ქალაქ ლუცკის დამეგობრება. დამეგობრების ხელშეკრულება გაფორმდა 2008 წლის ომის დღეებში, რაც უკრაინელების მხრიდან მხარდაჭერისა და სოლიდარობის აქტად აღიქნებოდა;
  • 2009-დან 2016 წლის ჩათვლით ცენტრი იყო ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია Saferworld-ის მთავარი პარტნიორი პროექტების სერიაში, რომელთა მიზანი უსაფრთხოების დაცვის სფეროში ადგილობრივი თემების საჭიროებების გათვალისწინებასა და ჩართულობის ამაღლება იყო. პროექტი სამხრეთ ოსეთთან გამყოფი ხაზის გასწვრივ განლაგებულ სასოფლო თემებში ხორციელდებოდა. პროექტების ფარგლებში მოხდა ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნა და დანერგვა, რაც საქართველოში პირველი პრეცედენტი იყო. ასევე წარმატებულ ფაქტად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ ფაქტიურად პირველად მოხდა შსს-სა და თემის წარმომადგენელთა შორის პირდაპირი არაფორმალური კავშირების დამყარება და ამ ურთიერთობებში Community based policing-ის კონცეფციის ელემენტების პილოტირება, რაც ამ კონცეფციის დანერგვის საფუძველი უნდა გამხდარიყო, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა შეუძლებელი გახადა ამ საქმის ბოლომდე მიყვანა. პოლიტიკური სიტუაციის შეცვლის შემთხვევაში ორგანიზაცია აუცილებლად გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას.
  • ორგანიზაცია მონაწილეობას იღებს თვითმმართველობის და დეცენტრალიზაციის რეფორმის ირგვლივ მიმდინარე პროცესებში. ორგანიზაციის დირექტორი 2013-14 წლებში იყო ინფრასტრუქტურის სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს აქტიური წევრი. სწორედ ამ ორგანოს დამსახურებაა ქალაქების გამოყოფისა და გამგებლების პირდაპირი არჩევის შემოღება. ამ პროცესში ორგანიზაციის თაოსნობით განხორციელდა გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ოპტიმიზაციის მოდელირება – შეიქმნა სასოფლო მუნიციპალიტეტის 2 და 5 თვითმმართველ ერთეულებად დანაწილების მოდელები.
  • ორგანიზაციას პოლიტიკის დოკუმენტის შექმნის გამოცდილებაც აქვს. სამოქალაქო საზოგადოების ინტიტუტის შეკვეთით შეიქმნა დოკუმენტი – ტერიტორიული ოპტიმიზაცია – ურბანული და სასოფლო განვითარება

 

პუბლიკაციები: „ადგილობრივი ბიუჯეტის ცნობარი“ გორი 2012წ; „სოფელ ხელჩუაში ოსური მხარის მიერ დაგეგმილი ახალი გამშვები პუნქტის გავლენის კვლევა ადგილობრივ თემზე“ გორი 2016წ.