რეგიონი

Sequence 01.Still001 1024x768შიდა ქართლის მხარე — მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინცია შიდა ქართლის ცენტრალურ ნაწილს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-SK. მხარეს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული.

ისტორია

მცხეთის, კასპის, გორის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტები წარმოადგენენ ნაწილს ისტორიული შიდა ქართლისა, რომელსაც ძველად ზენა სოფელი ეწოდებოდა. თვით ისტორიული ქართლი გეოგრაფიული მდებარეობისა და უმთავრესი მდინარის მტკვრის მიხედვით დანაწილებული იყო ზემო, შუა ანუ შიდა და ქვემო ქართლად.

შიდა ქართლი ვრცელდებოდა აღმოსავლეთით არაგვსა და თბილისამდე, ჩრდილოეთით — კავკასიონის ცენტრალურ ქედამდე, დასავლეთით — ლიხის ქედამდე, ხოლო სამხრეთით — თრიალეთის ქედამდე და ფარავნის ტბამდე. შიდა ქართლის მტკვრის სამხრეთით მდებარე ნაწილს გაღმამხარი ეწოდებოდა. ეს უკანასკნელი ისტორიული წყაროების მიხედვით ზოგჯერ არ შედიოდა შიდა ქართლში, მაშინ როცა მტკვრის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანა ყოველთვის შიდა ქართლში იგულისხმებოდა.

XVII-XVIII საუკუნეებში შიდა ქართლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს ზემო ქართლი ეწოდებოდა. XVII საუკუნის პირველი მეოთხედიდან, ოსმალეთის მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ ისტორიული ზემო ქართლი დიდი ხნით ჩამოშორდა ქართლის სამეფოს და სახელწოდება გადავიდა შიდა ქართლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილზე. ამჟამად ისტორიული შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქსა და დუშეთის მუნიციპალიტეტში შედის.

შიდა ქართლის მხარე მოიცავს შემდეგ მუნიციპალიტეტებს: გორის მუნიციპალიტეტი, კასპის მუნიციპალიტეტი, ქარელის მუნიციპალიტეტი და ხაშურის მუნიციპალიტეტი. მხარის ცენტრია ქალაქი გორი.

 

  • ტერიტორიის ფართობი — 4807 კვ. კმ
  • ადმინისტრაციული ცენტრი – ქ. გორი
  • მანძილი ადმინისტრაციულ ცენტრსა და თბილისს შორის – 75 კმ.
  • კლიმატი – მხარის კლიმატი კონტინენტურია, საშუალო წლიური ტემპერატურაა დაახლოებით 11 °C, შესაძლებელი მაქსიმუმია 42 °C, ხოლო შესაძლებელი მინიმუმი - 32 °C. ქარის ენერგეტიკული რესურსი (1000 კვტ/სთ 1 კმ²-ზე) — 1000-1500. ნალექების რაოდენობა წელიწადში საშუალოდ 500 მმ-ია, მაქსიმუმი – 760 მმ, მინიმუმი 330 მმ.
  • წყლის ძირითადი არტერიები — მხარის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: მტკვარი, დიდი და პატარა ლიახვი, მეჯუდა, ტანა, ქსანი, თორთლა, თეძამი, ჭარებულა, ლეხურა, სურამულა, ფრონე, ძამა და სხვა. ასევე შიდა ქართლში მოედინება ბუნებრივი სამკურნალო წყლები და სუფთა წყაროს წყლები.

მხარის იმ ნაწილში, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს, 373 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

  • ქალაქი - 4: გორი, კასპი, ქარელი, ხაშური;
  • დაბა - 2: სურამი, აგარა;
  • სოფელი - 366

გეოგრაფია

შიდა ქართლის ჩრდილოეთით და სამხრეთით კავკასიონისა და თრიალეთის მაღალი ქედებია, რომელთა მტკვრისაკენ დაშვებული განშტოებები ზეგნებს ქმნიან. გაღმამხარის მდინარეები — ძამა, ტანა, თეძამი და კავთურა ქვედა წელში მცირე ვაკეებს ქმნიან, ხოლო მტკვრის ჩრდილოეთით დოღლაურის, ტირიფონისა და მუხნარის ვრცელი ველებია, რომლებსაც სერავს მდინარეები: ფრონე, ლიახვი, ლეხურა, ქსანი და არაგვი. შიდა ქართლის მდინარეთა უმრავლესობა უძველეს დროიდანაა გამოყენებული სარწყავად.

მდინარე აღმოსავლეთ ფრონედან მდინარე არაგვამდე მტკვრის მარცხენა სანაპიროს გასწვრივ გაწოლილია კვერნაქის სერი. მისი სამხრეთი ფერდობის ფლატეებსა და ქარაფებში გამოქვაბულებია. კვერნაქის სერის სამხრეთით, მტკვრის პირას მდებარეობს აშურიანის ველი, რომელსაც უძველესი დროიდან საზამთრო საძოვრად იყენებდნენ. შრომის გარკვეული ორგანიზაციის საფუძველზე შიდა ქართლის ვრცელი დაბლობები და საზაფხულო და საზამთრო საძოვრები ქმნიდნენ ინტენსიური მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის განვითარების შესაძლებლობას. შიდა ქართლის ბუნებრივმა პირობებმა და მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ განსაზღვრეს ის როლი, რომელიც ამ რეგიონმა შეასრულა ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში.

ადგილობრივი მმართველობა

შიდა ქართლში აღმასრულებელ ხელისუფლებას განახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული. მისი ფუნქციებია უზრუნველყოს რეგიონში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კოორდინაცია, რესურსების მობილიზება, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების დაცვა და სხვა.

მხარეში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით:

  • გორის მუნიციპალიტეტის მერია;
  • კასპის მუნიციპალიტეტის მერია;
  • ქარელის მუნიციპალიტეტის მერია;
  • ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია;

მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:

  • ატენის სიონი
  • ურბნისის სიონი
  • რუისის ღვთისმშობლის ტაძარი
  • ყინწვისის ეკლესია
  • სამთავისის ეკლესია
  • უფლისციხე
  • რკონის მონასტერი
  • გორის ციხე
  • სურამის ციხე
  • წრომის ტაძარი
  • ქვათახევი